კონკურენციის სააგენტო დემპინგის საკითხებთან დაკავშირებით განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისი (BPI) – 2021 წლის 1 ივნისიდან, კონკურენციის ეროვნული სააგენტო განაცხადების მიღებას იწყებს. საკითხის შესწავლა განხორციელდება ადგილობრივი ინდუსტრიის ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე – იმ შემთხვევაში თუ გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოცემული პროდუქტის საექსპორტო ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში ექსპორტიორი ქვეყნის ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ნორმალურ ღირებულებაზე დაბალია და ის ზიანს აყენებს ან წარმოადგენს ზიანის საფრთხეს ადგილობრივ ინდუსტრიებისთვის.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ მიზნად ისახავს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის საფრთხისაგან. უწყების უმთავრესი ამოცანაა იმპორტიორი და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სამართლიანი პრინციპების შეთავაზება და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. შესწავლა იწყება იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ინდუსტრიის 50%-ზე მეტი აკეთებს განაცხადს და განაცხადზე ხელმომწერების ერთობრივი წილი 25% ნაკლები არ არის მოცემულ ბაზარზე“ – აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, WTO-ს პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად დამუშავებული კანონპროექტი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.
„დემპინგის დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს უწყების მიერ განსახორციელებელი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს. შესწავლის შედეგს – შესაბამის დასკვნას კონკურენციის ეროვნული სააგენტო წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიებების დაწესების შესახებ. კერძოდ, ინდუსტრიის დაცვის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია საქმის შესწავლის პროცესში გამოყენებულ იქნეს წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი – რაც მიმართულია ადგილობრივი ინდუსტრიის წინასწარი დაცვისკენ, სანამ მოკვლევის ორგანო დაასრულებს საკითხის შესწავლას. ხოლო, დემპინგის დადასტურების შემთხვევაში მოხდება სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის დაწესება.

კონფიდენციალური ინფორმაცია იქნება მკაცრად დაცული. შესწავლის დაწყების შესახებ ინფორმაცია და ასევე უწყების საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც სხვა მიღებული გადაწყვეტილებების შემთხვევაში იყო, იქნება საჯარო და გამოქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

კანონით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლის პერიოდი გაგრძელდება, არაუმეტეს, 12 თვისა. ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს, მაქსიმუმ, 6 თვით. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დასკვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ. ანტიდემპინგური ღონისძიების შედეგად დაწესებული ტარიფის ადმინისტრირებას განაახორციელებს – შემოსავლების სამსახური.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …