კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, საცალო ვაჭრობის სექტორში კომპანია ICR-თან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „აი სი არ ტრეიდისთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც  საცალო ვაჭრობის სექტორში, 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. მათ შორის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის და კვების ობიექტებს.  საკითხი ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება მაღაზია „ბატას“ საქმიანობის ფარგლებში – შეცვალოს შიდა პოლიტიკა და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კერძოდ, კომპანიას დაევალა:

– ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად, სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია და სავაჭრო ობიექტებში განათავსოს. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;

– უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;

– მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი  საგარანტიო პირობები.

შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია – 3 თვის ვადაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე – 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი – 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …