კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 7–დან 5 ბაზრის მონიტორინგი და 1 მოკვლევა დაასრულა

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 6 თვის ანგარიში წარადგინა. 2020 წლის პირველ ნახევარში, მიმდინარე 7 მონიტორინგიდან – დასრულდა 5 ბაზრის შესწავლა, მათ შორის – ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები. უწყების დაკვირვების ქვეშ რჩება 2 მონიტორინგი – ფარმაცევტული და საავტომობილო საწვავის ბაზარი. კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, გაიცა 1 რეკომენდაცია.

ამავე პერიოდში, დასრულდა ერთი მოკვლევა „ჯევერს დეველოპმენტის“ საქმეზე და დადგინდა დონიმირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. კომპანიას დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია.
მიმდინარეა 3 – ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის, სადაზღვევო კომპანია უნისონის და ჯი-თი მოტორსის საქმეებზე შესწავლის პროცესი. ამასთანავე, 3 საკითხზე სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სასამართლო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარეობს 10 სასამართლო საქმე – სხვადასხვა ინსტაციებში.

მომზადდა და გამოიცა 2 დოკუმენტი: პირველი – საავტომობილო საწვავის მონიტორინგის ფარგლებში 2020 წლის იანვარ-მაისის შუალედური მიმოხილვა – COVID 19–ის პანდემიამ ნავთობის გლობალური ბაზრის მკვეთრი მერყეობა გამოწვია, გაანალიზდა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით მისი გავლენა ადგილობრივ ბაზარზე. შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი – მსხვილი ქსელური და მცირე ქსელური კომპანიები ადეკვატურად რეაგირებდნენ გლობალურ ფასებზე და ბოლო წლებში, აღნიშნულ ბაზარზე, კონკურენცია გაზრდილია.

და მეორე – სადაზღვევო სექტორში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა და კონკურენტული გარემო გაუმჯობესდა. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობა და თავისუფლად გაეცათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სავალდებულოდ გამოსაყენებელი საბანკო გარანტიები.

კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მიმართულებით, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, განხორციელდა 30-ზე მეტი აქტივობა. ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, მომხმარებელს წარედგინა სააგენტოს ახალი ვებ-გვერდი, სადაც სრულად არის განთავსებული უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს 4 კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ძლიერდება კონკურენციის სააგენტოს ფუნქციები, ასევე ხდება ახალი კომპეტენციებით აღჭურვა.
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილებების თანახმად, რეგულირდება – სააგენტოს უფლებამოსილებები და პროცედურული საკითხები, ასევე რეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პოლიტიკა, შერწყმების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, ხდება სააგენტოს მართვის სტრუქტურის ცვლილება. განხილვაშია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს უერთდება.

მესამე მოსმენით განხილულ იქნა – „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ” კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების, ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან დამცავი ინსტრუმენტის შემოღებას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ავტორობით დამუშავებული კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც არის ევროდირექტივების სრული გათვალისწინებით მომზადებული და ემსახურება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას. კანონის მიღების შემდეგ აღსრულება კონკურენციის სააგენტოს დაეკისრება.

2020 წელს, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის, ხელშეწყობისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვის მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქმიანობა დაიწყო სააგენტოს წარმომადგენლმა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, სააგენტოში შემოვიდა 324 და გავიდა 432 კორესპონდენცია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …