2022 წლის 1 ნოემბრიდან, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, განცხადებების მიღება და განხილვა დაიწყო. ნოემბრის თვეში, სააგენტოში 42 განაცხადი შემოვიდა, აქედან 6 საქმეზე სააგენტომ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო.
მიღებული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 60%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 28%, აგრესიული კომერციული საქმიანობის აკრძალვა 5%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%, ხოლო უსამართლო სტანდარტული პირობები 2%.
ერთი თვის განმავლობაში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 80%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს.
მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, ამ ეტაპზე, თბილისი 96%-ით ლიდერობს.
ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი (032) 2 05 4422; 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge.