კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, „გორგიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „გორგიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა  პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კერძოდ, კომპანიას დაევალა:

–          სავაჭრო ობიექტებსა და ვებგვერდზე www.gorgia.ge, ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად, სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;

–          უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;

–          შეიმუშავოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი;

–          მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი საგარანტიო პირობები.

შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია – 1 თვის ვადაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს.

ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, სააგენტოში 360 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 10 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე – 64 შეთანხმება გააფორმა. ამ დროისთვის, 52 საქმეზე გაფორმებულ 32 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 20 დარღვევის ფაქტი – 34 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …