საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის (შერწყმა) კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის 3 საქმეს სწავლობს. თემა ეხება – „რონიკოს“ მიერ „ართთაიმის“ 100%-იანი წილის, „სილქ როუდ ენჯინიარინგის“ მიერ „ფარმარეას“ 100%-იანი წილის და ფ/პ თემურ ბოლქვაძის მიერ „ლეგომეტალის“ 100%-იანი წილის შეძენას.
2022 წლის მე-4 კვარტლის მონიტორინგისას დადგინდა სააგენტოსთვის შეუტყობინებლად – აქსესუარების და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტის და რეალიზაციის სფეროში, შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის ბაზრებზე კონცენტრაციის შემთხვევები.
შედეგად, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტების მიმართ გამოყენებული იქნა საჯარიმო სანქციები და კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შემოტანა დაევალათ.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ – არაუგვიანეს, 2023 წლის 19 აპრილისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge ან მისამართზე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.
ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. ჯარიმის დაკისრება, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარით არის განსაზღვრული.
2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა.