კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

2022 წლის 16-17 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

ორ დღიანი ღონისძიება – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება.

კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები გახსნიან, რომლებიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს ხელმძღვანელობენ: ტერესა მორეირა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; ფრედერიკ ჯენი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე; დირკი ბუშლე, ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე; შარუნას კესერაუსკასი, ლიეტუვის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი; თეოდორ ტანერი, ავსტრიის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი.

დაგეგმილია ხუთი მარეგულირებელი უწყების სპეციალური პანელი, რომელსაც ხელმძღვანელი პირები გაუძღვებიან და სექტორების მიხედვით შეფასდება – კონკურენტული გარემო, შედეგები და გამოწვევები.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე განიხილება კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. პარალელურ თემატურ სესიებზე მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ ძირითად საკითხებზე: კონკურენციის პოლიტიკა და მდგრადი განვითარება; კონკურენციის პოლიტიკა რეგულირებულ ბაზრებზე/უწყებათაშორისი თანამშრომლობა; მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები და აღსრულების პროცესის თავისებურებები; აღსრულების ირიბი მექანიზმები; არსებითი სიმძლავრე და მიწოდებაზე უარი, თეორია და პრაქტიკა; საქართველოს და ევროპის პრაქტიკული გამოცდილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში და ა.შ.
ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზება, ბაზრის ხუთი მარეგულირებლის, 2021 წელს, შეთანხმების დოკუმენტის შედეგია, რომლის მიზანი ქვეყანაში კონკურენციის გაძლიერებაა.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.ccc.gov.ge

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …