კომუნიკაციების კომისიამ რადიო „ფორტუნას” ლიცენზიის ვადა ხუთი წლით უფასოდ გაუგრძელა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთი წლის ვადით უსასყიდლოდ გაუგრძელდა. „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2022 წლის 30 იანვარს ეწურებოდა, თუმცა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში 2021 წლის ნოემბერში, კომუნიკაციების კომისიის, მთავრობისა და რადიომაუწყებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად შევიდა. რადიომაუწყებლებმა კომუნიკაციების კომისიას და მთავრობის ადმინისტრაციას მიმართეს თხოვნით, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, მომხდარიყო რადიომაუწყებლებისთვის ლიცენზიის ვადის მოქმედების უსასყიდლოდ გაგრძელება, ხოლო მეორეს მხრივ, ტელე-რადიოცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა. გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით რადიო მაუწყებლებს სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, კომუნიკაციების კომისიამ, მთავრობამ და პარლამენტმა გაიზიარა რადიომაუწყებლების თხოვნა. საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით რადიოებს ტელერადიოცენტრის მიმართ არსებული დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის დავალიანება და წლის ბოლომდე მომსახურების საფასური ჩამოეწერათ.

2021 წლის ბოლოს, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ათ რადიომაუწყებელს, რომლებსაც ლიცენზიების მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდათ, კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთი წლის ვადით, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, უფასოდ გაუგრძელდათ. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და კომუნიკაციების კომისია ყველა იმ რადიომაუწყებელს, რომელთა ლიცენზიებსაც ერთხელ უკვე გაგრძელებული ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურებათ, ლიცენზიის მოქმედების პერიოდს უფასოდ 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელებს.

 

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …