კობა გვენეტაძე ლიეტუვის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლიეტუვის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს.  კონფერენციას – ცენტრალური ბანკების მომავალი (Future of Central Banking) მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი, ლიეტუვის ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელი ესწრება.

 

კონფერენციაზე ისაუბრეს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა და დეცენტრალიზებული ფინანსების საკითხებზე.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრად უფრო სწრაფ და ხელმისაწვდომ სერვისს გვთავაზობს, ვიდრე ტრადიციული საბანკო სერვისები. ფინანსური სისტემა უკვე გარდაქმნის პროცესშია, დეცენტრალიზებული ფინანსების ზრდა კი ევოლუციის შემდგომი საფეხურებისკენ გვიბიძგებს. ფინანსების თანამედროვე ეპოქაში ცენტრალურმა ბანკმა საზედამხედველო პოლიტიკა უნდა გააფართოვოს და ახალი სფეროები მოიცვას. ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას, შექმნის გაწონასწორებულ ფინანსურ სისტემას, გააღრმავებს კონკურენციას და ჯანსაღ ციფრულ ფინანსურ გარემოს შექმნის.

 

 

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ვრცლად მიმოიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ. ამასთან, ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას.

 

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, კობა გვენეტაძე ლიეტუვის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, გედიმინას სიმკუსს შეხვდა. შეხვედრაზე  ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამასთან, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …