მსოფლიოში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები – ამ თემებზე სამსჯელოდ, სომხეთმა “მოაზროვნეთა სამიტს“ (Summit of Minds) უმასპინძლა. შეხვედრას, რომელიც სომხეთის პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელები დაესწრნენ.
ღონისძიებაში ერთ-ერთ მთავარ მომხსენებლად, სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. სესიას, რომელსაც სომხეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრის დირექტორი, არმენ ნურბეკიანი უძღვებოდა, მსოფლიოში განვითარებული რადიკალური ტრანსფორმაციებისა და ახალი გამოწვევების განხილვას დაეთმო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გლობალურ ტენდენციებსა და გამოწვევებზე და საფინანსო სექტორის სამომავლო პერსპექტივებზე. მან ასევე კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი დაფინანსების საკითხებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის აქტიურად მუშაობს. ასევე, კობა გვენეტაძემ მნიშვნელოვანი აქცენტი ფინანსურ და საზედამხედველო ტექნოლოგიებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი უკვე გადადგა. კობა გვენეტაძემ “მოაზროვნეთა სამიტის“ მონაწილეებს ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის სამომავლო ხედვებიც გაუზიარა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეეხო კაპიტალის ბაზრისა და საგადახდო სისტემების განვითარების პერსპექტივებსაც.
“მსოფლიომ აღარა, რომ კლიმატის ცვლილების და მდგრადობის საკითხები ფინანსური რისკების წყაროა. ამიტომ, ამ რისკების შემსუბუქებაზე ზრუნვა ცენტრალური ბანკის უპირველესი ამოცანაა. ამ ფაქტის აღიარების კვალდაკვალ, სულ უფრო მეტმა ცენტრალურმა ბანკმა და მარეგულირებელმა ორგანომ დაიწყო ცენტრალური ბანკების პოლიტიკის დოკუმენტებში გარემოს დაცვის და სოციალური მდგრადობის საკითხების შეტანა. მათი მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მდგრადი ზრდის მხარდაჭერაა. ჩვენ გვესმის, რომ არსებული ეკოლოგიური, სოციალური და მდგრადობის მაღალი რისკების ფონზე და ამ საკითხების მოგვარებისთვის საჭირო სოლიდური ინვესტიციების გათვალისწინებით, მდგრად განვითარებაში ფინანსურ სისტემას გადამწყვეტი როლი ენიჭება. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი პირველი ცენტრალური ბანკი იყო, რომლის ინიციატივითაც 2017 წელს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი დაინერგა“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.