კობა გვენეტაძემ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფონდო ბირჟისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – “დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის” (Ring the Bell for Gender Equality) მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების გახსნით ნაწილში, კობა გვენეტაძემ მონაწილეებს მიმართა და ვრცლად ისაუბრა საფინანსო სექტორში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის ზეგავლენას ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ სექტორში. “გენდერული უთანასწორობა ზეგავლენას ახდენს  ეკონომიკაზე. ქალების აქტიური ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში  ქვეყნის განვითარებისთვის  კრიტიკულად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი ისეთ კრიზისულ პერიოდში, როგორშიც ახლა ვიმყოფებით. დღეს ბევრი უკრაინელი ქალი თავისი ქვეყნის მომავლისთვის გმირულად იბრძვის”, – აღნიშნა შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ის კონკრეტული რეფორმები, რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართულებით დაინერგა. “ფინანსური ცოდნის გაღრმავება და ფინანსური სერვისების მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სებ-ში ყველა ჩვენგანის პრიორიტეტია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი როლი აქვს ფინანსური განათლების პორტალს – Finedu.gov.ge-ს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს შექმნა. გარდა ამისა, მენეჯმენტში ქალთა თანაბარი წარმომადგენლობის მხარდასაჭერად, სებ-მა 2018 წელს კორპორატიული მართვის  კოდექსი დაამტკიცა. კოდექსის თანახმად, კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ერთ მესამედს საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა წარმოადგენდნენ. ამასთან, საბჭოს შემადგენლობაში მინიმუმ 20% – ს (არანაკლებ 1 წევრი) უნდა წარმოადგენდნენ ქალები. ამ მოთხოვნის დაწესებამდე ქალთა წარმომადგენლობა საბჭოებში 9%-ს შეადგენდა, ამჟამად კი წილი 30%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ეროვნულ ბანკში უფროსი და საშუალო მენეჯერის როლებს, ქალების წილი დაახლოებით 40%-ს შეადგენს, ხოლო ეროვნული ბანკის საბჭოს შვიდ წევრს შორის ორი ქალია”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საფონდო ბირჟისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ღონისძიების მიზანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის და კომერციული ბანკებისთვის ისეთი პლატფორმის შექმნაა, სადაც საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა ერთობლივად განიხილონ და დანერგონ ქვეყნის ფინანსურ სექტორში გენდერული თანასწორობის მიმართულებით ახალი ინიციატივები. ამასთან, პლატფორმის დახმარებით გააუმჯობესონ კომერციული ბანკების საბჭოს წევრებს შორის ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისა და განვითარების მხარდაჭერა.

2022 წლის Ring the Bell for Gender Equality – ს ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსური დირექტორი ნინო ქურდიანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …