კიევიდან, ოდესადან და ხარკოვიდან ბათუმისკენ YanAir Airlines-ის ნაცვლად Jonika Airlines-ი იფრენს

საქართველოს ავიაბაზარზე უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი Jonika Airlines-მა ჩაანაცვლა. რამდენ ხანს იფრენს  Jonika Airlines-ი ბათუმის მიმართულებით დამოკიდებულია YanAir Airlines-ის მიერ ექსპლუატანტის სერტიფიკატის აღდგენაზე, რომელიც კომპანიას მარეგულირებელმა შეუჩერა. ირკვევა, რომ კომპლექსური ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა ავიაგადამზიდავის საქმიანობაში რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩინა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ფრენის უსაფრთხოებას.

რაც შეეხება  Jonika Airlines-ს ის კიევიდან, ხარკოვიდან და ოდესადან ყველა იმ ავიარეისს ასრულებს, რაც YanAir Airlines-ს უნდა შეესრულებინა. შესაბამისად რეისები განრიგის მიხედვით სრულდება და მგზავრებს პრობლემები არ ექმნებათ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ Jonika Airlines-ი უკრაინის ქალაქებიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების შესრულებაზე განრიგს ყოველდღიურად აგზავნის და შესაბამისად მათთვის უცნობია, როდემდე დარჩება Jonika Airlines-ი ქართულ ავიაბაზაეზე.

Jonika Airlines-ის ვებგვერდზე ბათუმის მიმართულებით ავიარეისების რეალიზაცია არ ხდება, YanAir Airlines-ის საიტზე კი, რომელიც კიევიდან რამდენიმე მიმართულებით ასრულებდა რეისებს,  მხოლოდ ერთადერთი მიმართულებითაა ავიაბილეთები ხელმისაწვდომი: კიევი-ბათუმი.

შეგახსენებთ, რომ  YanAir Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატის შეჩერებაზე ინფორმაცია 6 ივნისს გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანია 7 ივნისიდან ფრენებს ვეღარ განახორციელებდა.

პროცედურების მიხედვით, ავიაკომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატი შესაძლოა მას შემდეგ აღუდგეს, რაც ინსპექტირების ანგარიშის დასკვნების საფუძველზე ავიაკომპანია არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …