2020 წლის პირველი კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „ბუმის“ მეოთხედიდან (პოზიტიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) „რეცესიის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილში ჩატარებული გამოკითხვისას ასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები უარყოფითად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა -44.5 ქულა, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა – 47.4 ქულა შეადგინა (იხ. გრაფიკი). გამოკითხვის შედეგები მკვეთრად გაუარესებულია წინა კვარტალთან შედარებით, კერძოდ, იანვარში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ასოციაციის წევრები არსებულ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებდნენ +29.5 ქულა, მკვეთრად დადებითი იყო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინიც +53.1 ქულა, შესაბამისად, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი 2019 წლის მეოთხე კვარტალში პოზიტიური იყო.
მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ოთხივე სექტორში (მრეწველობა, მომსახურება, ვაჭრობა, მშენებლობა) უმეტესწილად უარყოფითად შეფასდა. აქედან, აღსანიშნავია მომსახურებისა და მშენებლობის სექტორების მკვეთრად უარყოფითი მაჩვენებლები მაშინ, როცა ვაჭრობის სექტორი შედარებით ზომიერია უარყოფით მოლოდინებში, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ამ სექტორის გარკვეულ ნაწილს (სურსათისა და სააფთიაქო ქსელები, სხვა) არ შეეხო საგანგებო სიტუაციით დაწესებული შეზღუდვები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს მრეწველობის სექტორი, რომელიც მიუხედავად უარყოფითად შეფასებული მიმდინარე მდგომარეობისა, მაინც ინარჩუნებს ოპტიმიზს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ მხარდაჭერის მოლოდინის უნდა ეფუძნებოდეს.
BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნეს კლიმატის შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO-ს, ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის, მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ყოველკვარტალურად აწარმოებს. ინდექსის პირველი კვლევა 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის იანვარში ჩატარდა, რომელმაც შეაფასა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების განწყობები 2019 წლის მეოთხე კვარტალთან დაკავშირებით. რიგით მეორე კვლევა კი 2020 წლის აპრილში COVID 19-ის პანდემიასა და ბიზნესზე დაწესებულ შეზღუდვების პერიოდს დაემთხვა და 2020 წლის პირველი კვარტლის შეფასებას, მეორე კვარტლის მოლოდინებსა და პანდემიის ბიზნესზე ზეგავლენას დაეთმო.
საზოგადოდ, კითხვარის მეშვეობით BAG-ის წევრი კომპანიები (კონფიდენციალურობა სრულად დაცულია) აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინებს, რომელთა გასაშუალოებითაც მიიღება BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი.