“კვლევების გადამოწმებამდე ნამახვანის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობის შეჩერებაზე ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია მისასალმებელია”

თბილისი (BPI) – მხოლოდ მისასალმებელია ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია, რომ „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება, – წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კარგია, რომ პროექტის უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, მოხდა შეთანხმება კომპანიასთან, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გაკეთდება რამდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალი გადამოწმება.

“ნიშანდობლივია, რომ ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და სრულიად ღიად მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება. ამ ვალიდაციის შემდეგ, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტირება შესატანი.

ამასთან, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირ-ბოროტო პროექტს.

შეთანხმების თანახმად, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, ესაა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ეს ასევე სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …