კვლევა: ბიზნესის  80% COVID-ის წინააღმდეგ მთავრობის ეკონომიკურ ღონისძიებებს დადებითად აფასებს

თბილისი (BPI) – სავაჭრო-სამრეწველო პალატა COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში მონაწილეობა 1 553 ბიზნეს სუბიექტმა მიიღო, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან.

გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50-მდე სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კვლევის მიხედვით, მეწარმეთა 80% პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ ღონისძიებებს დადებითად აფასებს.

ასევე, დადებითად შეაფასა მეწარმეთა 91%-მა მთავრობის მიერ COVID-19 -ის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების 53%-ს შეუმცირდა გაყიდვები. კერძო სექტორი ასახელებს სხვა რიგ გამოწვევებსაც, როგორიცაა ლარის კურსის ცვლილება, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა,თუმცა გამოკითხულ კომპანიათა 50% არ აპირებს საქმიანობის შეჩერებას.

კითხვაზე თუ რა ტიპის დახმარებას ითხოვს ბიზნესი- პირველ ხუთეულში გამოიკვეთა ფინანსურ მხარდაჭერა/ გრანტის, გრძლევადიან- შეღავათიან სესხების, გადასახადების დროებით გაუქმება ან/და შემცირების, არსებული პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების, იჯარის, ხელფასების, კომუნალური და სხვა ხარჯების სუბსიდირების საჭიროებები.

კვლევა ჩატარდა 2020 წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.

აღნიშნული შედეგების შესწავლის საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს დონორი ორგანიზაციებისთვის და შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …