თბილისი (BPI) – თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის – FMCG სექტორის შესახებ რიგით მეორე საინვესტიციო ანალიზი წარადგინა.
„კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილისთვის თიბისი ბანკი ძირითადი პარტნიორი ბანკია და ის ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აღნიშნული სექტორის დაფინანსების კუთხით. თიბისის წილი FMCG სექტორის დაფინანსებაში 367 მილიონ ლარს შეადგენს,“ – ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.
კვლევის მიხედვით, 2019 წლის ბოლოსთვის FMCG სექტორის მოცულობა 9,4 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, საიდანაც ორგანიზებული მოთამაშეები – ბრენდირებული სავაჭრო ქსელები, ბაზრის 28%-ს დაიკავებს, რაც 2016 წელთან შედარებით 10%-ით მეტია.
ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯი კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის ბაზარზე 2019 წლისთვის 8,1 მილიარდ ლარამდე იზრდება, მაშინ როდესაც ტურიზმისა და რესტორნების პირდაპირი დანახარჯი 1,3 მილიარდ ლარს მიაღწევს ამავე პერიოდში.
„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული მოთამაშეების გაყიდვები მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5,5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის 13%-ით გაზრდას და 600-ზე მეტ ახალ ქსელურ მაღაზიას ნიშნავს. თუკი ზრდა წინა წლებში უმეტესწილად დედაქალაქზე მოდიოდა, ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული ბაზარი ამ ეტაპზე რეგიონების მიმართულებით უფრო გააქტიურდება, რასაც ხელს უწყობს ზრდადი ტურიზმი და მაღალი აქტივობა ზაფხულის პერიოდში,“ – განაცხადა თორნიკე კორძაიამ, თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსმა.
თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.