კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივას სთავაზობს

თბილისი (BPI) – თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრასაც სთავაზობს.

მისკახა კალაძის თქმით, როგორც გადაღებვა, ისე თეთრი ფირის გადაკვრა ტაქსის მძღოლებს ფინანსურ ტვირთად არ დააწვება.

„გადაღებვის თანხები ტვირთად რომ არ დააწვეს მათ, ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს გადაღებვის სამუშაოების დაფინანსებას. ტაქსის მფლობელებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომანქანების გადაღებვა, თუმცა მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შეიძლება გადაღებილი ავტომანქანა წლების შემდეგ ისეთ ფასად ვერ გაყიდონ, როგორც მათ სურთ. ამ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თუ გადაღებვა არ სურთ, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თეთრი ფირი გადააკრან. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან ყოველგვარი დანახარჯის გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს გადაეცემათ მანათობლები, ასევე, დედაქალაქში გამოყოფილია საპარკინგე ადგილები, რომლითაც უფასოდ ისარგებლებენ ამ კატეგორიის ტაქსები.

„რაც შეეხება ფირის გადაკვრას, ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც შეღებვისას, რეკლამას 2 წლის განმავლობაში, შეიძლება, ცოტა ნაკლებში, კომპანია განათავსებს და ის მიიღებს შემოსავალს, ხოლო 2 წლის შემდეგ შემოსავალი ავტომანქანის მფლობელის საკუთრება იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საინიციატივო ჯგუფი ეთანხმება ამ რეფორმას და მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„ისინიც ამბობენ, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, თუმცა ითხოვდნენ, რომ ეტაპობრივად მომხდარიყო მისი განხორციელება. პარასკევს კიდევ მაქვს მათთან შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მისთვის ცნობილია ტაქსის მძღოლების აქციის პოლიტიკური მოტივების შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …