პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, კახა ბექაურმა, ComCom-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასულ წელს, ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების შემოსავალი 1.469 მილიონი ლარი იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს, 200 მილიონი ლარით აღემატება.
ტენდენციებზე საუბრისას, თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ 2022 წელს, მობილური მომსახურებების აბონენტების რაოდენობა 5.84 მილიონი იყო, საიდანაც ფიზიკური პირი აბონენტები 4.46 მილიონს, იურიდიული პირი აბონენტები კი 1.38 მილიონს შეადგენდნენ. მისი საუბრის მიხედვით კი, საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 170%-ს უტოლდება.
კახა ბექაურის განცხადებით, გასულ წელს, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, საბაზრო წილის 42% – მაგთიკომს, 33% – სილქნეტს, ხოლო 25% – ბილაინს (“სელფი მობაილი”) ეკავა. თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამავე წელს, საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი (ARPU) 11.8 ლარს შეადგენდა, ხოლო კომპანიებისთვის, ARPU-ს მაჩვენებელი მაგთიკომისთვის – 14.1 ლარი, სილქნეტისთვის – 12.1 ლარი, ბილაინისთვის კი – 7.7 ლარი იყო.