თბილისი (BPI) – პროფესიული განათლების ე.წ. დუალური სწავლების მეთოდის საქართველოში წარმატებით დასანერგად, მთავარი კერძო სექტორის ჩართულობაა, რადგან შრომის ბაზრის მოთხოვნებს ის განსაზღვრავს, – განაცხადა გერმანიის თანამშრომლობის კორპორაციის (GIZ) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების, პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამის დირექტორმა კატია კამერერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
როგორც ცნობილია, ე.წ. დუალურ პროფესიულ განათლება შრომაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდს გულისხმობს, სადაც სტუდენტი თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ერთდროულად ეუფლება.
კატია კამერერის ინფორმაციით, დუალური პროფესიული განათლება, რომელიც წარმატებული და პოპულარულია გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში, საქართველოში GIZ -ის მხარდაჭერით და განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ინერგება.
მისი განმარტებით, ამ თანამშრომლობის ფარგლებში სამიზნე სფეროებად დღემდე შერჩეულია მეღვინეობა-მევენახეობა, სტუმარ-მასპინძლობისა და სამშენებლო სექტორები. სამომავლოდ კი იგეგმება ტექნოლოგიური სექტორში ე.წ. მომსახურების ექსპორტისა და ლოგისტიკური-სატრანსპორტო სექტორების მხარდაჭერა. დაახლოებით 300 შეგირდი უკვე გადის სწავლებას სხვადასხვა სფეროში, ხოლო რამდენიმე დღის წინ სტუმარ-მასპინძლობის სფეროს სერთიფიკატი 26 კურსდამთავრებულს მიენიჭა.
აღნიშნული დუალური განათლების პროგრამები უკვე მოქმედებს თბილისში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში და თანდათან მისი ყველა რეგიონში გავრცელება იგეგმება.
კამერერის მოსაზრებით, დუალური განათლების პროგრამის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიზნესის ჩართულობაზე, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ერთის მხრივ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, სტუდენტებს ხელფასს უხდის.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დუალურ განათლებაში კერძო სექტორს მთავარი მნიშვნელობა ენიჭება. ეს გერმანიაშიც ასეა ათწლეულებია, შვეიცარიასა და ავსტრიაშიც. დუალური მოდელი ამ ქვეყნებში დიდი ხანია, მუშაობს და ამას კერძო სექტორი მართავს, რადგან მან იცის რა უნარები სჭირდება, ეს ბიზნესზე კარგად ვინ შეიძლება იცოდეს? ამიტომ კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და პასუხისმგებლობას იზიარებენ. ტრენინგის 60 პროცენტი კომპანიაში ხდება და მხოლოდ 40 – სკოლებში. თითოეულ შეგირდს კომპანია არჩევს და შემდეგ სკოლაში აგზავნის და იქ იღებს დუალურ განათლებას. ასევე კერძო სექტორი უხდის სტუდენტებს ხელფასებს. ამიტომ ეს კომპანიებისთვის შემოსავლისა და ხარჯის ანალიზია. ისინი აფასებენ და ხედავენ, რომ ამას მომავალში მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან სტუდენტები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ერთდროულად იღებენ, რაც პროდუქტიულობას უწყობს ხელს. ეს უფრო ადვილია, ვიდრე ქუჩიდან მოიყვანო კადრი და ასწავლო“, – აცხადებს კატია კამერერი.
მისი განმარტებით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების განსაზღვრა სწრაფად და ეფექტურად რომ მოხდეს, ამ მიზნით GIZ-ი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად საპილოტე ონლაინ პლატფორმის გაშვებას აპირებს.
„ჩვენ ახლა ვიწყებთ შრომის ბაზრის მოთხოვნების სწრაფად შეფასების მეთოდის პილოტირებას სავაჭრო პალატასთან ერთად. ანუ სწრაფად რომ განვსაზღვროთ, შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში რა შეიძლება იყოს საჭირო. ეს არის ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებთან უკუკავშირზეა დაფუძნებული, რა ბიზნესების პერსპექტივა შეიძლება გამოჩნდეს, რა ახალი ბაზრები იქნება. ამ ბაზის განახლება სწრაფად და ხშირად უნდა მოხდეს. ხანგრძლივი კვლევებიც საჭიროა, მაგრამ აქ ონლაინ მოკლევადიანი სწრაფი გამოკითხვები უნდა მოხდეს. ეს არის სწორი მიმართულება“, – განაცხადა კამერერმა.
გერმანელი ექსპერტის თქმით, ინფორმაციის გაცვლის მსგავსი ფორმატი უკვე მოქმედებს ტურიზმის, სასტუმრო- რესტორნების ბიზნესსა და განათლების სამინისტროს შორის. თუმცა საჭიროა, რომ ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი უფრო დაიხვეწოს, რასაც დუალური სწავლება ხელს უწყობს.
„მათ (ბიზნესმა) უკეთესად უნდა გაუცვალონ ინფორმაცია საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რა პროფესიები დასჭირდებათ მომავალში. დუალური განათლება ხელს უწყობს, რომ ეს ორი სექტორი ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ისინი ნდობასაც ქმნიან, რაც აუცილებელია. კოლეჯი უნდა ენდობოდეს კომპანიებს, რომ იქ სწორად მიდის განათლება და პირიქით, კომპანია უნდა ენდობოდეს სკოლას, რომ სწორ და ხარისხიან განათლებას იძლევა. ეს ორმხრივი ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიაში დიდი ხანია ეს არსებობს და ძალიან კარგი იმიჯი აქვს. პროფესიულ განათლებაში სოციალურად აღიარებული და მაღალანაზღაურებადი პროფესიებია. იგივე საქართველოშიც შეიძლება გაკეთდეს. მაგალითად, სამშენებლო სექტორში. შეიძლება ხალხმა არ იცის, მაგრამ აქ ძალიან კარგი ხელფასებია და ამის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. აქ ბევრი უმაღლესი სასწავლებელია, მაგრამ მათი კურსდამთავრებულები პროფესიით ვერ საქმდებიან. საქართველომ აქცენტი პროფესიულ განათლებაზე უნდა გააკეთოს. პროფესიულ განათლებაში სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ბევრი რამ მოხდება მომავალ წლებში ამ სფეროში. არის უკვე ტენდენცია, რომ პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის მოდერნიზება მოხდეს, რაც ტრენინგების უკეთ ჩატარების საშუალებას იძლევა. არის შესაძლებლობა, რომ ამაში კერძო სექტორიც ჩაერთოს. იმედია, რომ სტუდენტების რაოდენობაც გაიზრდება. GIZ –ი მზადაა, ამ პროცესს მხარი დაუჭიროს. იგივე დუალური განათლების კუთხით, რაც კარგი საშუალებაა რომ პროფესიული განათლების მოცულობა და ხარისხი გაიზარდოს“, – განუცხადა კატია კამერერმა „ბიზნესპარტნიორს“.