კალაძე ტრანსპორტის მართვის მულტიმოდელური ჭკვიანი სისტემის ფრანგულ მოდელს გაეცნო

თბილისი (BPI) – თბილისი ტრანსპორტის მართვის მულტიმოდელური ჭკვიანი სისტემის დანერგვის საკითხს განიხილავს. თბილისის მერი პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის ცენტრალურ ოფისში ფრანგულ სისტემას გაეცნო.

კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის, განახლებული ავტოპარკისა და საქალაქო ტრანსპორტზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის გარდა, უმნიშვნელოვანესია ტრანსპორტის მართვის მულტიმოდელური ჭკვიანი სისტემის დანერგვა.

„ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ ერთად, რომელიც მუშაობს ჩვენს სატრანსპორტო  პოლიტიკაზე, გავითვალისწინებთ ყველა რჩევას, რომელიც დღეს გაჟღერდა. დარწმუნებული ვარ, თბილისი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, კომფორტული და გამართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს დედაქალაქის მერს მასპინძლობა კომპანია RATP-ის პრეზიდენტმა მატიე ვუაზენმა გაუწია.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ თბილისის მერს და მის დელეგაციას. პარიზის რეგიონის ცენტრალური ავტოპარკი, სადაც ახლა ვიმყოფებით და საიდანაც იმართება ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია. ჩვენთან დაახლოებით, 1000-ზე მეტი მძღოლი მუშაობს, გვაქვს რამდენიმე ასეული ავტობუსი. ახლა ავტოფარეხი შეივსო ახალი ავტობუსებით, რომლებიც აკმაყოფილებენ გარემოს დაცვის მოთხოვნებს, თანდათან კი გადავდივართ ელექტროავტობუსებზე. ვფიქრობთ, საინტერესო შეხვედრა იყო და ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებს თბილისი“, – განაცხადა მატიე ვუაზენმა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პარიზის ავტოსატრანსპორტო ქსელისა და გარდამავალი ენერგეტიკის პროგრამის – „ავტობუსი 2025“ საქმიანობის პრეზენტაციები. საუბარი შეეხო თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, სამომავლო გეგმებს და საქმიანობის პრიორიტეტებს.

შეხვედრაზე მერი ასევე გაეცნო სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის მექანიზმებს, რაც შეიძლება მაგალითად გამოიყენოს საქართველომ.

ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძემ ელექტროავტობუსების პარკი და მცირე მექანიზმების სახელოსნო Championnet დაათვალიერა.

RATP-ის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას ფრანგული კომპანია “სისტრას” წარმომადგენლები დაესწრნენ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …