“იყავი ჰაკერზე ჭკვიანი” – ეროვნული ბანკი და საფინანსო სექტორი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კამპანიას უერთდებიან

ეროვნული ბანკის ინიციატივით, მესამე წელია საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო კამპანიას უერთდება და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების აქტივობებს იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. კამპანიის წლევანდელი სლოგანია – დაფიქრდი, სანამ დააჭერ #იყავიჰაკერზეჭკვიანი.

ტექნოლოგიების განვითარება სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური თუ სხვა მომსახურებების მიღებას. თუმცა, შესაბამისად იზრდება რისკებიც. ყოველწლიურად ჩნდება კიბერთავდასხმებისა და თაღლითობების ახალი მეთოდები, რომელთა თავიდან არიდება და იდენტიფიცირება მხოლოდ ცნობიერების ამაღლების გზით არის შესაძლებელი. კიბერ და ფინანსური უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი უკვე განხორციელდა. წელს დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს სხვადასხვა სტატიას, ბლოგსა თუ ვიდეომასალას ისეთ თემებზე, როგორიცაა: სოციალური ინჟინერია და მისი სახეები, კიბერკრიმინალების ამოცნობისა და მათგან თავდაცვის მექანიზმები, კიბერუსაფრთხოება ბიზნესებისთვის.საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ (www.finedu.gov.ge) კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებს პარტნიორებთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს. კიბერცნობიერების აღნიშვნაში ეროვნულ ბანკთან და ფინედუსთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, პროკრედიტ ბანკი, რებანკი და ემბისი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …