საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს მატეო პატრონეს შეხვდა, რომელმაც მთავრობის მეთაურს კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონალური დირექტორი ალკის ვრენიოს დრაკინოსი წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა EBRD-ის მოქმედი რეგიონალური დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, რომელიც საქმიანობას 30 აგვისტოს ასრულებს, ალკის ვრენიოს დრაკინოსი კი, საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ალკის ვრენიოს დრაკინოსს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, კატარინა ბიორლინ ჰანსენს კი, საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა კატარინა ბიორლინ ჰანსენსა და ალკის ვრენიოს დრაკინოსს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პროექტები მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზეა და ამ პროცესში EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია.
აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანას ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.