თბილისი (BPI) – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ხსნის, რომ ეროვნული ბანკის ინიციატივა არ ნიშნავს ბანკების რეგულაციებისგან გათავისუფლებას.
მისი თქმით, 30-დან 25%-მდე უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვების მოთხოვნის შემსუბუქება პოზიტიური მოვლენაა, რაც ბაზარზე დამატებით 700 მლნ-მდე დოლარს გამოისვრის და ხელს შეუწყობს ერთი მხრივ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აშშ დოლარზე, მეორე მხრივ კი ლარის სტაბილურობას.
“ჩანს, რომ დაჭერილი იქნება ოქროს შუალედი, რომლითაც მოსახლეობაც დაცული იქნება დამატებითი რისკებისგან, ბაზარიც მეტად იქნება დაცული ინფლაციისგან და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსიც დასტაბილურდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემა, რომლის გამოც ხელისუფლებამ დააწესა ეს რეგულაციები, დღესაც გარკვეულწილად გამოწვევად რჩება. მთავარია, რომ მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინფლაციური რისკების შემცირებისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მისაღწევად.
უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი სრულად დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას, ის კოორდინაციაშია მთავრობის პოლიტიკასთან. ეს კი, თავის მხრივ პრობლემების დაძლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ – განაცხადა მეზურნიშვილმა.