ირაკლი ლექვინაძე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები, მიღებული შედეგები, ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც სამომავლოდ კონკურენციის სფეროს გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა კონკურენციის სფეროში მიღწეულ იმ წარმატებებზე, რომელსაც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დანერგვის მიხედვით მიაღწია. ირაკლი ლექვინაძემ პროგრამის წარმომადგენლებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების შესახებ და 2020 წლის პირველ ნახევარში, როგორც ანალიტიკურ, ასევე რეგიონულ დონეზე განხორციელებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებს შორის, ორმხრივ დონეზე განხილულ იქნა დაინიცირებული კანონპროექტის ფარგლებში მოსამზადებელი და შემდგომ განსახორციელებელი აქტივობები. მათ შორის, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, კონკურენციის ადვოკატირების და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით – სასწავლო ვიზიტების ორგანიზება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური მიმართულებების რეფორმებზე მუშაობა, საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით – კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობა და სისტემურ მიდგომაზე დაყრდნობით, საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერება, ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესება და პრიორიტეტული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.

ირაკლი ლექვინაძემ „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ მთავრობის შესაძლებლობის გაძლიერების კომპონენტის ხელმძღვანელს, თამარ ბუაძეს შეხვედრის ინიცირებისათვის, მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა: „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობას და მოიცავს იმ ინიციატივების ერთობლიობას, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური ზრდაზეა ორიენტირებული. ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი ფაქტორი არის კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის დამკვიდრება და თავისუფალი, სამართლიანი ბიზნეს გარემოს ხელშეწყობა. ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის ფორმატში, ჩვენ მზად ვართ კონკრეტული აქტივობების საფუძველზე, განსაზღვროთ ძირითადი პრიორიტეტები, მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილოთ. ჩვენთვის საერთაშორისო თანადგომა არის უმნიშვნელოვანესი და მადლობა მხრდაჭერისთვის“.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“ არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 5-წლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური მმართველობის გასაუმჯობესებლად.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …