საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საფრანგეთში, ქ. პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიწვევით, „კონკურენციის გლობალურ ფორუმში” მონაწილეობს.
ირაკლი ლექვინაძემ ფორუმზე საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და სექტორის მარეგულირებელ ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა და კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
„კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით, სააგენტოსა და სექტორის მარეგულირებელ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2020 წელს, კონკურენციის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მარეგულირებელი ორგანოები საკითხს სწორედ ამ კანონზე დაყრდნობით შეისწავლიან.
კანონმდებლობის შესაბამისად, მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა საკითხის შესწავლის ყველა ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს. ეს იქნება საქმის მასალებზე წვდომა, ახსნა-განმარტებით და შემაჯამებელ მოსმენებში მონაწილეობა თუ შესაბამისი პოზიციების, გადაწყვეტილებების გაზიარება”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ქ. პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირი ესწრება.
გლობალური ფორუმი ყოველწლიურად პარიზში იმართება და კონკურენციის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.