ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, სააგენტოს მიერ მომზადებული ინიციატივები განიხილა.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ელჩები, დიპლომატები, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მიღწეული შედეგები, მიმდინარე საკითხები და ის საჭიროებები, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტო იმყოფება.

„საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის, რომლის სწორ ფორმირებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, საერთაშორისო მხარდაჭერა, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე სააგენტოს საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი პროექტების, ინიციატივების განხორციელება და ადგილობრივ დონეზე – კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არის ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. 2014 წლიდან დღემდე, ევროკავშირის პროექტის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო და ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური მობილიზებით მიღებული შედეგები, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიშშიც არის ასახული – არის შეუქცევადი პროცესი. დაწყებულ წინსვლას სჭირდება სწორი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული, ქმედითი ნაბიჯები და საერთაშორისო მხარდაჭერა“, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას კონკურენციის სფეროთი დაინტერესებისათვის, მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: კონკურენციის საერთაშორისო ქსელი; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრი; გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია; სოფიას კონკურენციის ფორუმი; ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …