ირაკლი ლექვინაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები.

სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 2020 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მისი აღსრულების მექანიზმებზე, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ყველაზე მეტი კითხვა ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ კანონზე, მისი აღსრულების ეფექტიანობაზე და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამტკიცებული ცვლილებების შემდეგ მიღებულ შედეგებზე დაისვა.

„„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, რომლის ინიციატორი საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იყო, დაიხვეწა სააგენტოს უფლებამოსილებები და პროცედურული საკითხები, რეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პოლიტიკა, დაგეგმილი კონცენტრაციების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები და ა.შ. შესაბამისად, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი მოთხოვნის საპასუხოდ, დღეს საქართველოს აქვს ყოვლისმომცველი და ეფექტიანი კონკურენციის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და ასახავს ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებულ ძირითად პრინციპებს. მადლობა მხარდაჭერისთვის ჩვენი მეგობარი ქვეყნების და ადგილობრივი კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, ბიზნეს სექტორს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სფეროს ექსპერტებს და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ფორმატში, ამ ეტაპისათვის, უკვე მომზადებულია დოკუმენტი, სადაც 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 31 მარტის პერიოდში რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების 7764 ერთეული კონცენტრაციის კანონთან შესაბამისობაა შესწავლილი. ასევე, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ყოველწლიური რეესტრის წარმოების მიზნით, 48 მუნიციპალიტეტისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება არ გაცემულა. 27 ადრესატისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყანაში გაცემულია 390 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება, საერთო მოცულობით 12 001 136 ლარი. როგორც ყოველთვის, ჩვენს მიერ დამუშავებული ინფორმაცია არის საჯარო და მიღებულ მონაცემებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ.

რაც შეეხება, ანტიდემპინგური ღონისძიების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას. 15-16 მაისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ფინანსური მხარდაჭერით, ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებთან დაკავშირებით, ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების თანამონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრის მიზანი იყო მხარეთა ინტერესების მაქსიმალური გაზიარება და რიგი პროცედრული თუ იურიდიული საკითხების დეტალური დამუშავებაა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კანონმდებლობა საქართველოს რეალობისათვის არის სიახლე, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, დიალოგის ფორმატში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მინდა აღვნიშნო, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიზანი არ არის ვინმეს დასჯა. უწყება ორიენტირებულია პრევენციულ მოქმედებებზე და ჩვენი მთავარი მიზანი სამართლიანი კონკურენციის გარემოს უზრუნველყოფაა. ვმოქმედებთ ამ მიმართულებით, თუმცა დარღვევის დადგენის შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისი სანქციები“, – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …