ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა კერნელმა 525 000  ლარი გრანტის სახით მიიღო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა კერნელმა 525 000  ლარი გრანტის სახით მიიღო. კერნელი ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმაა, რომელიც ეხმარება მცირე ბიზნესებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში. კერნელის კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის მოქნილობა, რომლის არქიტექტურაც  კერნელის გუნდს საშუალებას აძლევს დამატებითი (დროითი და ფინანსური) დანახარჯის გარეშე პროდუქტი მოარგოს სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო მოთხოვნებსა და რეგულაციებს.

კერნელი 2019 წლის ბოლოს შეიქმნა, 2020 წლის დასაწყისში სტარტაპმა მოიპოვა GITA – ს 100 000 ლარიანი გრანტი, რომელმაც კომპანიის გუნდს საშუალება მისცა განევითარებინა პირველი პროდუქტი და მოეზიდა პირველი მომხმარბელები.

კერნელი 500 Startups Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაშიც მოხვდა, რამაც საშუალება მისცა კომპანიას გადასულიყო განვითარების ახალ ეტაპზე. კერნელის ინვესტორები არიან Digital Area (500 Startups-ის ფარგლებში), საინვესტიციო კომპანია „რევაპ გრუპი“ და საერთაშორისო კერძო ინვესტორი.

მიღებული  გრანტი მოხმარდება ფილიპინურ ბაზარზე ზრდის ტემპის აჩქარებას და ინდოეთის ბაზარზე შესვლას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი – ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …