პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჭრილში რეინვესტირების მაჩვენებელი პროგრესირებს და არ ჩანს ახალი ინვესტიციები – CIU Business Institute

კვარტალურად საქართველოში მსგავსი მცირე სხვაობა სულ განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და რეინვესტირებას შორის არ ყოფილა, – აცხადებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტში, რომელმაც ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმოიხილა. როგორც ცნობილია, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება. (2020 წელი III კვარტალი – 294,8 მლნ აშშ დოლარი).

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტის (CIU Business Institute) მიერ მომზადებული ანალიზის მიხედვით კი ირკვევა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კვარტალურად (გარდა 2020 წლის მეოთხე კვარტალისა, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამი ფიქსირდება, როგორც მინუს 134.2 მილიონი) საქართველოში მსგავსი მცირე სხვაობა სულ განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და რეინვესტირებას შორის არ ყოფილა (6 მილიონზე ნაკლები).

“აქ აუცილებელია ხაზი გაესვას ორ ფაქტორს:
1. რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი მეტყველებს ეკონომიკის მდგრადობასა და მიმზიდველობაზე, თუმცა მხოლოდ ბაზრის მონაწილე იმ სუბიექტებისათვის, რომლებსაც საქართველოში უკვე განხორციელებული აქვთ ინვესტიცია.
2. დამაფიქრებელია ფაქტია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჭრილში მხოლოდ რეინვესტირების მაჩვენებელი პროგრესირებს და არ ჩანს ახალი ინვესტიციები, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი უნდა იყოს”, განმარტავენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტში.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრი – CIU ბიზნესის ინსტიტუტი (CIU Business Institute) დაფუძნდა. ბიზნეს ინსტიტუტმა უკვე მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს გამოცემის ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზია“ (“INSIDER Research Support License“). CIU ბიზნესის ინსტიტუტის კვლევები ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკის, ბიზნესის, მდგრადი განვითარების, რისკ-მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. მომდევნო კვირიდან ბიზნესის ინსტიტუტი მიზნობრივ აუდიტორიას ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ უკვე მიაწვდის ინფორმაციას კვლევების, ანალიტიკის, პოლიტიკის დოკუმენტების, პროგნოზებისა და რეიტინგების სახით.

კვლევითი ინსტიტუტი ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეში შექმნილი კვლევების ბაზარზე გატანის ორგანიზაციული მექანიზმების შემუშავებას, ხოლო მეორე მხრივ, დააფუძნებს აკადემიური სივრცისა (კსუ ბიზნესის ფაკულტეტის) და დარგების ერთობლივ კვლევით ლაბორატორიებს. შესაბამისად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში CIU ბიზნესის ფაკულტეტზე სხვადასხვა დარგში წარმატებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიქმნება ხუთი ლაბორატორია: მეწარმეობისა და ინოვაციების, ფინანსური განათლების, დუალური განათლების, მარკეტინგისა და ბიზნეს მედიის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ინსტიტუტის კვლევით საქმიანობაში ჩართვისა და ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზიის“ ფარგლებში არსებულ მონაცემებზე წვდომის საშუალება სრულად ექნებათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებს. ამავდროულად, კვლევითი ცენტრი უპრეცედენტო მასშტაბის ინიციატივას „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამას“ შესთავაზებს კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელიც „ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის“ (Institute for New Economic Thinking) კონცეფციას დაეფუძნება.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …