სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა, რომ ნეტო სისტემაში გაწევრიანების პირობებში გაწეული ინვესტიციის ამოღება დაახლოებით 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. მისივე თქმით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ ნეტო აღრიცხვის სისტემით სარგებლობისას ერთის მხრივ გაუფრთხილდეს გარემოს მავნე ზეგავლენის შემცირების კუთხით, ხოლო მეორეს მხრივ, ეკონომიკური სარგებელი ნახოს და შემოსავალი მიიღოს.
“სემეკმა ნეტო აღრიცხვის სისტემის პოპულარიზაციას ხელი საკმაოდ აქტიურად შეუწყო. გარდა ამისა, დაინერგა მექანიზმები, რომლებიც აღნიშნულ სისტემას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდიდა. დღეის მდგომარეობით უკვე 700 ზე მეტი სადგურია საქართველოში, რომელთა დადგმული სიმძლავრე უკვე 40 მეგავატს გასცდა.
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიცია, რომელსაც მომხმარებელი დებს, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში შეუძლია ეს ინვესტიცია ამოიღოს და შემდეგ, პრაქტიკულად, უფასო ენერგია მიიღოს. საბოლოო ჯამში, ამ სისტემის პირობებში ჩვენ გარემოს ვუფრთხილდებით, ვიყენებთ მწვანე ენერგიას და ასევე გვერჩება შემოსავალი“. – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნეტო-აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს.