თიბისის IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეუფლონ

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ღრუბლოვანი სისტემის ინჟინერი, მონაცემთა მეცნიერი, IT უსაფრთხოების სპეციალისტი, DevOps ინჟინერი — ეს 2022 წლის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობებია მსოფლიოში. ტექნოლოგიური პროფესიებისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, ზრდადია თავად ტექ-ინდუსტრიაც, თუმცა ბაზარზე პროფესიონალებისადმი მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ მაღალია.

თიბისიმ, როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ რეგიონში, 2019 წელს IT აკადემია დააფუძნა და მიზნად დაისახა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, დაეუფლონ თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიების დარგში. სამ წელიწადზე ნაკლებ დროში 200-ზე მეტი კურსდამთავრებული თიბისის გუნდის წევრი გახდა.

თამარ დოკვაძე ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი / ასოცირებული პარტნიორია თიბისის საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში. აკადემიის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, Front-end Development-ზე ისწავლა და თიბისის გუნდს შეუერთდა. თამარი მიიჩნევს, რომ მის კარიერულ წარმატებაში  IT აკადემიამ დიდი როლი ითამაშა.

“აკადემიის დამსახურებაა მთლიანად ის, რომ მე ამ პოზიციაზე ვარ. აკადემიის დასრულების შემდეგ დავსაქმდი თიბისიში და იქ მიღებულმა ცოდნამ განაპირობა ის, რომ სამუშაო პროცესში უფრო და უფრო განვვითარდი,” – აღნიშნავს ის.

თამარი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა მიმართონ საკუთარი რესურსები ტექნოლოგიების მიმართულებით, რადგან იგი დღეს ყველაზე მზარდი და საინტერესო მიმართულებაა, “თიბისის IT აკადემია კი საუკეთესო საშუალებაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისწავლო და განავითარო საკუთარი თავი”.

2019 წელს, აკადემიის დაწყებისთანავე, Front-end დეველოპმენტის კურსი გაიარა გიორგი გვალიამ, რომელიც დღეს ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი / ასოცირებული პარტნიორია თიბისის პლატფორმების ლიგაში.

კურსის გავლამდე გიორგი ამ სფეროში დასაქმებული არ ყოფილა. სწავლის დასრულებიდან წელიწადნახევარში კი შესაძლებლობა მიეცა,  IT აკადემიაში მენტორად დაბრუნებულიყო.

“ტესტირების ავტომატიზაციის პირველ კურსზე, რომელიც 2020-ის დეკემბრიდან დაიწყო, ვხელმძღვანელობდი ორგანიზაციულ საკითხებს, სტუდენტებს ვუწევდი ტექნიკურ დახმარებას და ა.შ. კურსის დასრულების შემდეგ კი მალევე გავხდი ასოცირებული პარტნიორი”, – ამბობს გიორგი.

აკადემიის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულია ლუკა ჩიტიაშვილიც, რომელიც დეველოპერი / ასოცირებული პარტნიორია თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგაში. IT აკადემიის დასრულების შემდეგ ლუკამ თიბისიში  სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა გუნდში იმუშავა.

IT აკადემიის კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული და თიბისის Chapter Lead-ია გიორგი არაბული, რომელმაც თიბისის აკადემიის შესახებ უნივერსიტეტის ბოლო კურსზე შეიტყო. ის ამბობს, რომ მანამდე ტექნოლოგიური მიმართულებით მწირი ცოდნა ჰქონდა, აკადემიაში ჩაბარების შემდეგ კარგი თეორიული საფუძველი გაუჩნდა, მისი დასრულების შემდეგ კი თიბისის ინვესტიციების გუნდს შეუერთდა.

თიბისის ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელის, გვანცა მურღვლიანის თქმით, თიბისი აკადემიას Boot camp პროგრამები გამოარჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ სპეციალობას სტუდენტები ინტენსიურ ფორმატში, 3-დან 4 თვემდე პერიოდში შეისწავლიან. გარდა ამისა, გვანცა აღნიშნავს, რომ კურსები, რომლებიც IT აკადემიაში ისწავლება, უნიკალურია.

„IT აკადემიაში ამჟამად 9 კურსი გვაქვს, რომელიც ბაზარზე სხვაგან არ ისწავლება. 2019 წელს სამი კურსით დავიწყეთ ეს ყველაფერი, დროთა განმავლობაში კი დავამატეთ სხვადასხვა მიმართულება. ჩვენ მომავალში ვგეგმავთ, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ სასწავლო პროგრამები, თუმცა აკადემიის მიზანი – მოამზადოს ახალგაზრდები ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებში და გაუხსნას მათ გზა კარიერული წარმატებისკენ უცვლელი რჩება,“ – ამბობს გვანცა მურღვლიანი.

გვანცას თქმით, ტექნოლოგიური პროფესიები მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება, ამიტომ ახალგაზრდებმა ამ უნარების და ცოდნის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ, ხოლო ამ პროცესში მათ დახმარებას თიბისის IT აკადემია გაუწევს. კურსდამთავრებულები კი აღნიშნავენ, ტექნოლოგებით დაინტერესებული ახალგაზრდები არ უნდა შეუშინდნენ დაბრკოლებებს, რადგან წინ “შესაძლებლობებით და საინტერესო გამოწვევებით სავსე კარიერა ელოდებათ!“

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …