თბილისი (BPI) – თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილედ და ფინანსურ დირექტორად 28 ოქტომბრიდან გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა.
გიორგი მეგრელიშვილი თიბისის ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2020 წლის მარტში შემოუერთდა. გიორგის აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტისა და რისკების შესაბამისობაში.
ის მუშაობდა ჰოლანდიაში Natwest Markets NV- ში, კაპიტალის რისკისა და სტრესის ტესტირების ხელმძღვანელად. მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში, Barclays Bank PLC- ში, სადაც ხაზინისა და ფინანსების სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა.
გიორგიმ წარჩინებით დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, სადაც ბიზნესის სკოლაში MBA– ის ხარისხი მიიღო.
გიორგი მეგრელიშვილის დანიშვნის შემდეგ, გიორგი შაგიძე გადადგა მის მიერ დაკავებული თანამდებობებიდან, როგორც ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი. თუმცა ის თიბისიში დარჩება წლის ბოლომდე მრჩევლის როლში, რათა უზრუნველყოს საქმის შეუფერხებელი გადაბარება.
”გიორგი მეგრელიშვილს ვულოცავ ახალ როლს და წარმატებას ვუსურვებ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. გიორგის აქვს ძალიან ღირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ნაყოფიერად გამოიყენებს ამ ახალ პოზიციაზე. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი შაგიძეს 10 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო თავის სამომავლო საქმიანობაში,“ – განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.