თიბისის ინიციატივით აპლიკაციების კონკურსი იწყება

თბილისი (BPI) – თიბისის ინიციატივით აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაცია იწყება. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შეუძლია, ვისაც საკუთარი მობილური ან ვებ-აპლიკაციით ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება და პროცესების ავტომატიზირების ხელშეწყობა სურს.

ფინანსები და ოპერაციები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა, მომხმარებელთან ურთიერთობა – ეს იმ მიმართულებების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც კონკურსი ფარავს. პროექტის გამარჯვებულები სამი ეტაპის შემდეგ გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ: I ადგილი – 30 000 ლარი, II და III ადგილი – 15 000 ლარი.

აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი, ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ინდივიდუალური წევრებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, ისე კომპანიებს. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.

კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება.

პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის იდეა და მისი მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი ვიზუალური მასალა უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანია. ერთ გუნდს მხოლოდ ერთი აპლიკაციის წარდგენა შეუძლია, რომელიც არ არის სხვა პირის მიერ შექმნილი, არ იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ და ბაზარზე ჯერ არ ფუნქციონირებს.

აპლიკაციების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები პროტოტიპზე მუშაობას გააგრძელებენ.

ფინალურ ეტაპზე გუნდები საჯარო პრეზენტაციაზე ტექნიკურად წარმოადგენენ პროტოტიპებს. კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს.

აპლიკაციების კონკურსი იმ ინოვაციური პროექტის ნაწილია, რომელსაც თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად ახორციელებს. უკვე ორი წელია ონლაინპლატფორმა businesstool.ge ბიზნესებსა და ტექნოლოგიური სერვისებისა და პროდუქების მომოწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და ამოარჩიონ საკუთარი ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: სოფტი, აპლიკაცია ან გადაწყვეტა. ტექნოლოგიურ სივრცეში ეს არის ახალი არხი, რომელიც დეველოპერებს ხელს უწყობს საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.businesstool.ge/Contest/ .

პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების განვითარების ბანკი – FMO და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …