თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები შეაჯამა

თბილისი (BPI) – „თიბისიმ“ წინანადალში შეკრებილ მედის წარმომადგენლებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში ჩააბარა.  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ სფეროებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ითვალისწინებს, რომლებიც საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესოა. ამ მხრივ თიბისის მხარდაჭერილი პროექტები მრავალფეროვანია – ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და მათი ინტერესების განვითარება, კულტურა, ხელოვნება, სოციალური თემები, რაგბის პოპულარიზაცია და სხვა.

მცირე და საშუალო ბიზნესი „თიბისის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ინტერესია. ბანკმა აირჩია სტრატეგია – ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერი იყოს არა მხოლოდ ფინანსური თვლსაზრისით, არამედ არაფინანსური პროდუქტებითაც. „თიბისი“ მუდმივად ეხმარება ბიზნესის წარმომადგენლებს საჭირო კომპეტენციების შეძენაში, პოტენციური ინვესტორებისა და პარტნიორების მოძიებაში, საკუთარი საქმიანობის განვითარებასა და ამ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

„თიბისის“ ბიზნესგანათლების მხარდაჭერის პროექტები კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიცაა და ამავდროულად კომპანიის იმიჯსა და მომხმარებლის ლოიალობაზეც აისახება. „თიბისის“ მიერ 15 სხვადასხვა მიმართულებით ორგანიზებულ ტრენინგებს 2019 წლის განმავლობაში თბილისში 4,000-მდე ადამიანი დაესწრო.

„თიბისის“ ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება და 2019 წელს 3 რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა. წყალტუბოს ბიზნესფორუმს – 300-მდე ბიზნესის წარმომადგენელი, თელავისა და ზუგდიდის ფორუმებს კი 200-200 ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. თითოეულ ფორუმზე ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს 10-ზე მეტი დარგის ექსპერტი შეხვდა.

ამას გარდა, „თიბისი“ უკვე მეოთხე წელია წარმატებით ატარებს ბიზნესდაჯილდოებას, რომლის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერაა.

„თიბისი“ ქვეყნის მასშტაბით კულტურის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერია. ამ პროცესში  მისი მიზანია როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა.

დავით კაკაბაძე 130

„დავით კაკაბაძის ფონდთან“ თანამშრომლობით ქართველი შემოქმედის – მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის იუბილე  ფართომასშტაბიანი და მრავალეტაპიანი პროექტით აღინიშნა.

„თიბისი გალერეაში“ გაიმართა რეტროსპექტიული გამოფენა, რომელმაც გააერთიანა როგორც სახელმწიფო სახელოვნებო ინსტიტუციებში, ისე შემოქმედის ოჯახში და პირად კოლექციებში დაცული ნახატები, ჩანაწერები, ჩანახატები და სხვა.

გამოიცა დავით კაკაბაძის საიუბილეო კატალოგი, რომელიც სრულად ასახავს მხატვრის კვლევით დიაპაზონს, მის მეთოდებს და თანამედროვე სამყაროში მათ საჭიროებას.

პროექტის ფარგლებში, „თიბისის“ მხარდაჭერით, „დავით კაკაბაძის ფონდმა“ შექმნა არქივი, რომელიც მოიცავს როგორც დავით კაკაბაძის ოჯახში არსებულ დოკუმენტაციას, ისე საიუბილეო წლის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა შემოქმედებითი პროცესის ამსახველ მასალებს. ფართო საზოგადოებისთვის, მემკვიდრეობასთან ღია და თანამედროვე გზით წვდომის მიზნით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუზეუმსა და თეატრში არსებული, დავით კაკაბაძის ნამუშევრების კოლექციები სრულად გაციფრულდა.

ყველა ზემოთაღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ  მთავარ მიზანს დავით კაკაბაძის შემოქმედების საფუძვლიანი კვლევა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიდგომით შეიქმნა ახალი ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პლატფორმა – BAZA, რომელიც განვითარებას 2020 წელსაც განაგრძობს. BAZA-მ მომავალში უნდა შექმნას ისეთი სივრცე, რომელიც ყველასთვის ღია იქნება: პროფესიონალი არტისტებისთვის, მკვლევარებისთვის, სტუდენტებისა თუ, უბრალოდ, ამ თემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

2019 წელს თიბისი საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორი გახდა და მასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა: 2020 წელს უძველეს ანტიკურ ქალაქ ვანში, თანამედროვე  მუზეუმი გაიხსნება, რომელშიც ვანის არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი ნივთები გამოიფინება, ისინი ოქროს საწმისის მითს უკავშირდება და იმის დასტურია, რომ ისტორიულად  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა დასავლეთის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია.

„თიბისი“ მხარში უდგას ისეთ ინსტიტუციებს, როგორიცაა საქართველოს მწერალთა სახლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ლიტერატურის ხელშეწყობა ძირითად პრიორიტეტად რჩება.  2019 წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდა პრემია „საბა“, რომელიც ამ მიმართულებით, ქვეყნის მთავარი მოვლენაა. ასევე განახლდა „საბას“ აპლიკაცია, რომელიც 6,000-მდე ელექტრონულ წიგნს აერთიანებს და მკითხველებს ახალ, უნიკალურ სამკვითხველო გამოცდილებას სთავაზობს.

„თიბისისთვის“  მემკვიდრეობის დაცვის და კულტურის ხელშეწყობის პარალელურად, უმნიშვენლოვანესია ახალი თაობა  და მისი მხარდაჭერა.

2018 წლის ბოლოს დაანონსებული პროექტი „თიბისის სტიპენდიატები“ წარმატებით განხორციელდა, 200 ნიჭიერ ახალგაზრდას მთელი საქართველოდან ყოველთვიური, წამახალისებელი სტიპენდია დაენიშნა. მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატებისთვის ტარდებოდა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. პროექტი 2020 წელსაც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ მოზარდს აღმოაჩენს.

„თიბისი“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კერძო კომპანია, მწვანე ინიციატივების განხორციელებით ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას და კომპანიების ბიზნესსაქმიანობების გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად წარმართვას.  „თიბისიმ“ შეიმუშავა ISO 14001-ის სტანდარტის შესაბამისი გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც  ორგანიზაციის გარემოსდაცვით სისტემას, მიზნებსა და ამოცანებს განსაზღვრავს.  „თიბისი“ გარემოსა და საზოგადოებაზე თავისი საქმიანობის პირდაპირ და ირიბ გავლენას აღიარებს  და  ამ გავლენის შემცირების პასუხისმგებლობას გრძნობს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …