თიბისიმ ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi Bank-ისგან 67 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თბილისი (BPI) – თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ეს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში თიბისისა და სითი ბანკს შორის დაფინანსების მოზიდვის შესახებ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა.

„საქართველოს ეკონომიკა განსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ია. წლების განმავლობაში, თიბისი ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს უკვე არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ. გასულ წელს თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა და ამ მიმართულებით ქვეყანაში #1 ბანკად დასახელდა.“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

„თიბისისთვის ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით გამოყოფილი პირველი ფინანსური რესურსით სითი ბანკი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მისწრაფებას – ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი, განვითარებადი ბაზრების ზრდას. ჩვენ გვეამაყება ხანგრძლივი თანამშრომლობა როგორც თიბისისთან, ისე მთელ ქართულ საბანკო სექტორთან.“ – შაფიქ ჰადადი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტებისა და კორესპონდენციური საბანკო ბიზნესის, ხაზინისა და ვაჭრობის გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი, სითი ბანკი.

სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …