თბილისში Hilton-ის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება – სასტუმრო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი თბილისში 201 ნომრიანი, ცნობილი ბრენდის სასტუმროს Hilton-ის მშენებლობას დააფინანსებს. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილ სამინისტროს შენობაში შენდება.

პროექტის მიხედვით მოხდება არსებული შენობის რესტავრაცია და თანამედროვე არქიტექტურით შექმნილი შენობის მიერთება. სასტუმროში განთავსდება  რესტორანი.  ბოლო სართულზე კი SkyBar-ი ლამაზი ხედებითა და სპა საცურაო აუზით. ასევე, საკონფერენციო ზონები, კაზინო,  რომელსაც ოპერირებას გაუწევს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი.

ინტერიერის დიზაინს იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი Piero Lissoni ქმნის. მის დიზაინში გამოყენებულია ძველი თბილისის არქიტექტურის თემატიკა, რაც არსებულ პროექტს მეტ უნიკალურობას სძენს.

პროექტს საინვესტიციო კომპანია Granat-ი ახორციელებს. სასტუმროს მშენებლობისთვის 67 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

„ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია და მოხარული ვართ, რომ სწორედ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით თბილისს კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. საქართველოს ბანკის მხრიდან პროექტის განსახორციელებლად – 32 მლნ დოლარის დაფინანსება გამოიყო“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.  

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება კომპანია Lafarge-ს მიერ შექმნილი ინოვაციური  საფასადე მასალა Ductal, რომლითაც შექმნილია Louis Vuitton-ის ფონდის შენობა ქ. პარიზში. პროექტის გენერალური კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია BBC-ია. პროექტს სამშენებლო მენეჯმენტს  ბრიტანული კომპანია BHP უწევს.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …