თბილისში შემოდგომიდან განათლების ქალაქი იქნება

თბილისი (BPI) – თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.

განათლების ქალაქში თანამედროვე სტანდარტების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა იქნება, ქალაქში ასევე იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ტექნოპარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განივითარებენ, ბიბლიოთეკა,  სამეცნიერო ლაბორატორიები. ტერიტორიაზე განთავსდება კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი და გარე მოედნები.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში განხორციელდება.

“ჩვენ მაისში დავაანონსეთ დიდი დიღმის ტერიტორიაზე განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა. ეს არის 13 ჰექტარი ტერიტორია, სადაც აშენდება საშუალო სკოლა 1 500 ბავშვზე. აქვე იქნება კომაროვის სკოლა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები. ასევე გვექნება ახალი პროფესიული სასწავლებელი და ხელოვნების სკოლა. ჩვენ მსგავს პროექტს ვახორციელებთ ბათუმშიც და ავაშენებთ საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველგან იყოს ხელმისაწვდომობა თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ბავშვების მომავალზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების ქალაქის პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობის პროცესში ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურ სამშენებლო მასალას გამოიყენებენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულებები ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …