თბილისი (BPI) – მიმდინარე წლის 8-10 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქი დამწყები ბიზნესების ე.წ. სტარტაპების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ქსელის „სტარტაპ გრაინდის“ (Startup Grind) რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლებს. საქართველო აღნიშნული მოვლენიდან ერთის მხრივ ადგილობროვ სტარტაპებში ინვესტიციების მოზიდვას და მეორეს მხრივ, საქართველოს ეკოსისტემის განვითარებას ელოდება. ამის შესახებ Startup Grind Tbilisi -ის დირექტორმა გიორგი ტუხაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ცნობილია, თბილისში დაგეგმილი რეგიონული მასშტაბის ღონისძიება სახელწოდებით Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.
Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის. იგი 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და ორ მილიონ წევრს აერთიანებს.
საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია 20-ზე მეტი ქვეყნიდან წარმოდგენილ 30-ზე მეტ გამომსვლელს აერთიანებს. რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.
თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ისეთი ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიებიდან, როგორიც არის: Google, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. Startup Grind-ის თბილისის ტექნოლოგიურ სამიტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
რაც შეეხება იმას, თუ რა შესაძლებლობებს უქმნის მსგავსი ტიპის მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება საქართველოს და დამწყებ ქართველ მეწარმეებს,Startup Grind Tbilisi-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კოლინ დონოჰიუმ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიება პირველ რიგში, ქართულ სტარტაპებს საერთაშორისო კავშირების დამყარებაში შეუწყობს ხელს.
„ქართული სტარტაპებისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი საერთაშორისო კავშირებია, რადგან დამწყები ბიზნესი ადგილობრივი მასშტაბით იწყებს ოპერირებას და მერე საერთაშორისო მასშტაბებში გადაიზრდება“, – განაცხადა დონოჰიუმ.
Startup Grind Tbilisi -ის დირექტორის გიორგი ტუხაშვილის აზრით, მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართველი დამწყები მეწარმეებისთვის იმდენად, რამდენადაც საქართველო სწორედ ახლა იმყოფება იმ ეტაპზე, როდესაც ადგილობრივი კომპანიები განვითარების გარკვეულ ეტაპს აღწევენ და რეგიონულ თუ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის საკითხი პრობლემებს უქმნით.
„Startup Grind-ის ღონისძიება ზუსტად ისეთი სპიკერების, მენტორებისა და მრჩევლების ჩამოყვანაში ეხმარება, რომელიც ბევრ კომპანიას ამ ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარება“, – განაცხადა ტუხაშვილმა.
მისი განმარტებით, დაგეგმილი რეგიონული ღონისძიების მეშვეობით, საქართველოს შეუძლია, მიიღოს როგორც ინვესტიციები, ისე საკუთარი ეკოსისტემის განვითარების პერსპექტივა, რაც ქვეყანას რეგიონის დამაკავშირებელ ჰაბად ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს.
„ორი მოლოდინი გვაქვს: ერთის მხრივ, სტარტაპებში ინვესტიციების ჩადების კუთხით და მეორე – საქართველოს ეკოსისტემის განვითარების კუთხით. პირველი მიმართულებით 30 საუკეთესო სტარტაპს შევარჩევთ, რომლებიც ინვესტორების წინაშე წარდგებიან. ველოდებით 100-მდე ისეთი ინვესტორის ჩამოსვლას, რომლებიც თავისი ნებით მხოლოდ ერთ ქვეყანაში არ ჩამოვიდოდნენ და ჩვენ საშუალებას ვაძლევთ, რომ ერთი ჩამოსვლით ნახონ, მთელს რეგიონში რა ხდება. ეს ფორუმი მოიცავს რეგიონს შუა აზიიდან აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით. ეს არის 700 მილიონიანი ბაზარი, რომელსაც დასავლეთელი ინვესტორები, როგორც წესი, არ უყურებენ, იმიტომ რომ თვლიან, აქ არაფერი ხდება. ახლა საშუალება გვაქვს, ვაჩვენოთ, რა ხდება ამ რეგიონში. რაც შეეხება მეორე მოლოდინს, ეს იქნება მესამე ყველაზე მასშტაბური Startup Grind-ის ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით და გვინდა, რომ ნელ–ნელა ლონდონის მეორე ადგილს ასე ვთქვათ შევეჯიბროთ და შემდეგ წელს ძალიან საინტერესო სპიკერები ჩამოვიყვანოთ, რაც საქართველოს რეგიონის დამაკავშირებელი ჰაბის ბრენდად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, – განუცხადა გიორგი ტუხაშვილმა.