თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმები გაიზრდება

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პროექტი, რომლის გათვალისწინებით, თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე, თვითნებურ გაჩეხვასა და გადატანაზე, ასევე მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცხადდება ისეთი ქმედება, როგორიცაა – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ თბილისის საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური გაჩეხვა და გადატანის, მწვანე ნარგავების მოვლა აღდგენის წესების დარღვევის ფაქტებზე ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ფაქტებზე – 1 000 ლარის ოდენობით.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით კი, 500-ლარიანი ჯარიმა 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო 1000 ლარიანი ჯარიმა – 10 000 ლარი ხდება.

ამავე პროექტით განისაზღვრება, რომ თბილისის საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

“განსაკუთრებით იმატა ექსპერტების მიერ არასწორი დასკვნების გაცემის ფაქტებმა მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასებების კუთხით. უფლებამოსილი ორგანოს სპეციალისტების მიერ საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების ადგილზე გადამოწმება ხდება. შედეგად ვლინდება, რომ ექსპერტები ხშირად ცდილობენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების შეცდომაში შეყვანას და ამ გზით მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვის ნებართვის მოპოვებას. ეს კი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აყენებს დედაქალაქს და ჯანსაღ მწვანე ნარგავებს უდიდეს საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

“ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა კოდექსში“ ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …