თბილისში კომერციულ აბონენტებს 1-ლი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება უძვირდებათ

შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 2022 წლის 1 ივლისიდან
ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება, აღნიშნულის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, “თბილისი ენერჯის” არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი 1კუბ/მ-აე განისაზღვრება 1.35 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით.

“მოგეხსენებათ, რომ შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია, რომელიც ემსახურება თითქმის ნახევარმილიონ აბონენტს, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. ამასთან, კომპანიის უმთავრეს სალიცენზიო პირობას წარმოადგენს მომხმარებელთა უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგება.
როგორც თვენთვის ცნობილია, კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს. შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ფასის კორექტირება აუცილებლად ახდენს გავლენას  ტარიფზე. ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდეცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის  განვითარების ხელშეწყობისთვის, შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ცდილობდა საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა.
იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან შპს „თბილისი ენერჯისთვის“ კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის 1-ლი ივლისიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ოდენობით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. მიუხედავად მატებისა, შპს „თბილისი ენერჯის“ არსაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ყველაზე დაბალი იქნება ქვეყნის მასშტაბით.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის”, განმარტავს  „თბილისი ენერჯი“.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …