თბილისის ცენტრში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნება

„სილქ დეველოპმენტი“, თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობას იწყებს.

მალე თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“ სილქ დეველოპმენტის ახალი პროექტია.

ყოფილი ფოსტის შენობაში “რადისონ ქოლექშენის” ბრენდის მაღალი კლასის სასტუმრო ორი უდიდესი ბანკის – თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოეწყობა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერში გაიმარჯვა მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სამშენებლო კომპანიამ DNT Construction, რომელთანაც სილქ როუდ ჯგუფს ბათუმის რადისონის მშენებლობის წარმატებული გამოცდილება აქვს. სამუშაოების დაწყება 2023 წლის დასაწყისში იგეგმება.

პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი ინვესტიცია 60 მილიონ ევროს აჭარბებს. სასტუმროს პერსონალის მომზადებას უზრუნველჰყოფს „სილქ ჰოსფითალითი“. შეიქმნება 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

სასტუმროში რვა სხვადასხვა კატეგორიის 241 ნომერი მოეწყობა. შენობის ბოლო სართულზე განლაგებული ნომრებიდან სტუმრებს გასასავლელი ექნებათ ტერასაზე, საიდანაც თბილისის პანორამული ხედები იშლება. სასტუმროში განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანი და ჯაზ-კლუბი განთავსდება.

სასტუმროს საოპერაციო კონცეფცია გულისხმობს “რადისონ ქოლექშენის” ბრენდისთვის დამახასიათებელ მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც ნიშნავს სტუმრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას და თითოეული დეტალის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას.

სასტუმროს დიზაინი ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექრუტულ კომპანიას Neri&Hu. შემუშავებული კონცეფცია გულისხმობს ენერგოეფექტურ მწვანე სასტუმროს, რაც თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ უმთავრეს მახასიათებლად არის მიჩნეული. ეს იქნება რეგიონში პირველი შენობა, რომელიც მოეწყობა LEED Gold სტანდარტების მიხედვით.

ფოსტის შენობის არქიტექტორული პროექტის ავტორები არიან თეიმურაზ მიქაშავიძე და ლადო ალექსი-მესხიშვილი. რეკონსტრუქცია შენობის პირველადი იერსახის, მისი არქიტექტურული ფასადის შენარჩუნების გათვალისწინებით დაიგეგმა.

ამ პროექტსაც, ისევე როგორც კომპანიის უძრავი ქონების ყველა დანარჩენ პროექტს, „სილქ დეველოპმენტი“ ავითარებს. 2006 წლიდან სილქ როუდ ჯგუფის მიერ სასტუმრო და გასართობ ბიზნესში ინვესტირებულია 400 მილიონამდე აშშ დოლარი.

სასტუმრო პირველ სტუმრებს 2024 წლის ბოლოს მიიღებს. მის მართვას განახორციელებს “სილქ ჰოსფითალითი”, რომელიც უკვე წლებია წარმატებით მართავს „რადისონის“ ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში.

ტელეგრაფის პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სილქ როუდ ჯგუფის საქმიანობაში. სასტუმრო „ტელეგრაფი“ არის რესპუბლიკის მოედნის განვითარების მთლიანი კონცეფციის ნაწილი და კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი შენობა, რომელიც რეკონსტურქციის შემდეგ დაამშვენებს თბილისს. 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …