თბილისის აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიური მომსახურებით 6 კომპანია დაინტერესდა

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესი 6 კომპანიამ გამოხატა. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, მიღებულია სულ 6 განაცხადი და ამ ეტაპზე განაცხადების განხილვის/შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.

განაცხადების განხილვის შედეგად შეირჩევა მხოლოდ ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება სათანადო ხელშეკრულება.

TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესთა გამოხატვა 16 ივლისს გამოაცხადა. პირობების მიხედვით, კომპანიის საავტომობილო საშუალებები, რომელიც გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს, უნდა იყოს ახალი, თანამედროვე, კომფორტული, სუფთა, ტექნიკურად გამართული და უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ტაქსომეტრით.

გამარჯვებულმა ოპერატორმა აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 30 ავტომობილის განთავსება, მათ შორის მოფრენის ტერმინალის წინ არანაკლებ 10 ავტომობილისა, ხოლო დანარჩენი სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე; ავტომობილები უნდა იყოს ერთი ფერის, მათზე დატანილი კომპანიის ლოგოთი და  წარწერით ,,აეროპორტის ტაქსი“.

ავტომობილების საბარგული გათვალისწინებული უნდა იყოს დიდგაბარიტიანიბარგისათვის, მაგ. 3 ერთეული 30 კგ.-იანი ზომის ჩემოდნის ან ჯამურად ანალოგიური ზომის ბარგისათვის. მგზავრის  მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომობილი აღჭურვილი უნდა იქნას მცირეწლოვანი ბავშვის სავარძლით.

ავტომობილებში უნდა იყოს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით ანაზღაურების შესაძლებლობა. მგზავრის მხრიდან ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ მძღოლმა უნდა გასცეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მძღოლები უნდა იყვნენ შემოსილნი უნიფორმით, მათ შორის ჰალსტუხით. ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალი, ყურადღებიანი, მოწესრიგებული, მგზავრზე ორიენტირებული; ზოგადი მოთხოვნები:

•       უზრუნველყოფილი უნდა იყოს აეროპორტის შენობაში კომპანიის ერთი პასუხისმგებელი პირის მუდმივად ყოფნა;

•       მგზავრის გადაყვანა აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით უნდა მოხდეს წინასწარ დადგენილი ფიქსირებული ტარიფებით (ქალაქის ცენტრამდე და  სხვა უბნებში) ან ტაქსომეტრით;

•       მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იყოს მგზავრთა მომსახურება ე.წ. „შატლ სერვისით“.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …