ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის პროცესს განიხილავს ქვეყანაში დემოკრატიისა და მისი შესაბამისი ინსტიტუტების დამკვიდრების საკვანძო ასპექტად. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე სუბსიდიარობის პრინციპი, რომელიც არის გარანტია, რომ საჯარო პოლიტიკა ხელისუფლების ყველა დონეზე იყოს წარმატებული და მის განხორციელებაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მონაწილეობდეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თვითმმართველობის რეფორმა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობასა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მეტ დეცენტრალიზაციას.
„კოდექსის მუხლები ერთსა და იმავე დარღვევებზე სანქციებს და დაჯარიმების წესს თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში განსხვავებულად განსაზღვრავდნენ. ცვლილებით, დამკვიდრდება ერთიანი მიდგომა. განსხვავებული იქნება მხოლოდ სანქციების გარკვეული ნაწილი, ქალაქ თბილისის ეკონომიკური და სოციალური მასშტაბებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.