თაფლის მწარმოებლების განცხადებით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით დარგი აქტიურად ვითარდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ შეხვედრას დაესწრო, სადაც ქართული თაფლის მწარმოებლებმა და მეფუტკრე ფერმერებმა მუშაობის სამწლიანი შედეგები შეაჯამეს.
გიორგი ხანიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო სამ წელიწადში, მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არსებული გამოწვევები ფაქტობრივად დაძლეულია.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, ქართული თაფლის ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო ბაზრების გახსნა. თუკი ხუთი წლის წინ თაფლის ლაბორატორიული კვლევები საზღვარგარეთ ტარდებოდა, დღეს უკვე საქართველოშია შესაძლებელი, რაც ამ მიმართულებით დანახარჯების კლებასა და ოპერატიულობაზე აისახება“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
შეხვედრაზე, ქართული თაფლის მწარმოებლებმა ვრცლად ისაუბრეს სექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, ბოლო სამ წელიწადში, გაუმჯობესდა ქართული თაფლის ხარისხი, რამაც ხელი შეუწყო ექსპორტის ზრდას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში. 2020 წელს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით, თაფლის ნიმუშების მხოლოდ 6%–ში აღმოჩნდა დარღვევები (აკრძალული ნივთიერებები), მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი 2018 წელს 56% იყო. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მეფუტკრეების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მეფუტკრე ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მეფუტკრეთა გაერთიანების და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით 2135 მეფუტკრეს ჩაუტარდა სწავლება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართული თაფლი წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე – 2019 წლის აპიმონდიაზე კანადაში და 2021 წლის თაფლის საერთაშორისო დაჯილდოებაზე ლონდონში.
„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ 2018 წელს დაარსდა და, დღეისათვის, 9 ასოციაციას და 12 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც 5 500 მეფუტკრის (მათ შორის, 548 ქალი მეფუტკრის) ინტერესებს წარმოადგენს.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …