თბილისი (BPI) – მოლდოვას ქალაქ ვადულ ლუი ვოდაში საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, თამბაქოს ნაწარმის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების (რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საფრანგეთის, თურქეთის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელორუსის, ლატვიის, აშშ-ს, ავსტრიის, ლიეტუვას, გერმანიის, ესტონეთის, სერბეთის და პოლონეთის) საბაჟო ადმინისტრაციების კინოლოგიურ გუნდებს შორის, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნა/აღმოჩენაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების შეჯიბრი ჩატარდა.
ღონისძიების გამარჯვებული პოლონეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიური გუნდი გახდა. მეორე ადგილი მოლდოვას საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიურმა სამსახურმა დაიკავა, მესამე ადგილი საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მთავარ კინოლოგ-ინსტრუქტორს რომან ნიკურაძეს და სამსახურებრივ ძაღლს „ნელას“ერგო.
2 წლის ,,ნელა“ კინოლოგ ოფიცერის ახალბედა მეგობარია. რომან ნიკურაძე მასთან, სულ რაღაც ოთხი თვეა მუშაობს. ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ,,ნელამ“ ბევრი კარგი შედეგი აჩვენა. ყოველდღიურად რამდენიმე საათიანი სწავლება აუცილებელი უნარების გამომუშავების მიზნით და შედეგიც სახეზეა.