თანამედროვე ელექტრომობილების საწარმოს ქუთაისში კომპანია Aigroup ააშენებს

თბილისი (BPI) – ქუთაისში  ქართულმა ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა  Aigroup-მა  ოფიციალური პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში საზოგადოებას  ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარუდგინა.

ღონისძიება  მულტიმედიური შოუთი დაიწყო, რის შემდეგაც აუდიტორიის წინაშე  ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა,   კომპანიის aigroup-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი, კომპანიის სხვა წარმომადგენლები, ასევე სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია წარსდგნენ.    

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ სამთავრობო უწყების, ადგილობრივი ხელისუფლების,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა  და მედიის წარმომადგენლები.

კომპანია Aigroup -ის ხელმძღვანელის კახა გულედანის ინფორმაციით, კომპანია ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანთან“ პარტნიორობით.

 “დასრულების სტადიაზეა ქარხნის პროექტირება და ძალიან მოკლე ხანში ჩვენ გადავალთ აქტიურ სამშენებლო ფაზაში. ვგეგმავთ, საწარმოო ხაზის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის დასაწყისისთვის მსოფლიო იხილავს პირველ ქართულ ელექტრომობილებს, ამ დროისათვის ჩვენ უკვე დასაქმებული გვეყოლება 300-ზე მეტი ადამიანი.  სრული დატვირთვის პირობებში, ვგეგმავთ ყოველწლიურად, 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვებას და 3 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას მთელი ქვეყნიის მასშტაბით”, – განაცხადა კახა გულედანმა. 

მინისტრის განცხადებით,  რეგიონში პირველი, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული, ქუთაისური წარმოშობის ელექტრომობილების წარმოება იწყება. 

“ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაანონსა და დაპირდა საქართველოს, რომ მალე ჩვენ გავხდებით რეგიონში ელექტრომობილების პირველი მწარმოებელი. დღეს მაქვს პატივი დავაანონსო ეს პროექტი და ვთქვა, რომ ვასრულებთ ამ დანაპირებს. ქართული კომპანია Aigroup, რეგიონში ერთ-ერთი ინდუსტრიის ლიდერის, ჩინური კომპანიის “ჩანგანის” დახმარებით იწყებს ელექტრომობილების პირველი ქარხნის მშენებლობას”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

პროექტის დასაწყისში საწარმოში 4 მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით -Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზარზე გავა, რაც ექსპორტის ზრდას და ვალუტის გადინების შემცირებას შეუწყობს ხელს.  ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ  ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების  საწარმოები, წარმოებაში საბოლოოდ,  3000 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც  რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.

 „ამბიციური და საპასუხიმგებლო“ ასე უწოდებენ პროექტს, რომლის მიზანს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში განხორციელდება მომავლის პროექტები, რომელიც საქართველოს იმ ქვეყნების გვერდზე დააყენებს, სადაც პრიორიტეტი მწვანე ბიზნესის წარმოება და ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროების შექმნაა. Aigroup პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

ქუთაისი იბრუნებს ინდუსტრიული ქალაქის სახელს. კადრების მომზადების და გადამზადების პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება ამ რეგიონში. პროფესიული კოლეჯი, რომელსაც Aigroup დააფუძნებს, მოამზადებს და გადაამზადებს კადრებს, შემდგომში დასაქმების მიზნით. ქუთაისი მსოფლიოში მერვე ქალაქი იქნება, სადაც ელექტრომობილების გაზიარების სერვისი გახდება ხელმისაწვდომი.

თანამედროვე ელექტრომობილის წარმოება და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია Aigroup -ის სამოქმედო გეგმაა უახლოეს წლებში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ელექტრომობილების ფასი ადგილობრივი სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამისათვის გააქტიურდება, ავტომობილების სოციალური და საჯარო სალიზინგო სერვისები, რაც ქართველ მომხმარებელს ავტომობილის შეძენას გაუადვილებს.

Aigroup პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს. “ეკოლოგია, ჩვენი ამოსავალი წერტილია. თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვამკვიდრებთ მსოფლიო ტენდენციებს. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც Aigroup -ის ქვეშ გაერთიანებული თითეული კომპანიის მამოძრავებელი ძალაა. სამშენებლო პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება,  პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან ვგეგმავთ ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვებას. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საამქროები. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ავტომობილების ელემენტების საამქროს განვითარებასაც. ჩვენ ინვესტიციას განათლებაშიც ვდებთ, გადავამზადებთ ადგილობრივი მუშაპერსონალს. ამის შემდგომ  ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე,“ – განმარტავს  კომპანია aicar-ის გენერალური დირექტორი გიორგი ხუროძე.

სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერის ზვიად ციკოლიას განცხადებით,  პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინზე თავად იმუშავებს. 

“მე პირადად ვარ ბედნიერი, ჩემი ოცნება ასრულდა, მე მინდოდა, რომ ავტომობილების წარმოება ყოფილიყო საქართველოში და მით უმეტეს ელექტრომობილების წარმოება, ამას ემატება ისიც, რომ მე ვარ ჩართული ამ პროცესებში და სამომავლოდ ვიმუშავებ პირველ ქართულ მსუბულ ელექტრომობილზე, რომელიც წარსდგება სულ მალე ქართული საზოგადოების წინაშე. ჩვენ დავიწყებთ ამ მანქანის არა მარტო საქართველოში გაყიდვას, არამედ მთელ მსოფლიოში”, -განაცხადა ზვიად ციკოლიამ.

მისი თქმით, “მომავლის მანქანა”, პირველ რიგში, გათვლილი იქნება ქართველ მომხმარებელზე, როგორც კომფორტის და გამძლეობის, ასევე ფასის მხრივ. 

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისს სტუმრობდა ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი დოქტორი ჯან კარლო პერინი, რომელმაც შეაფასა პროექტი და წარმატებული უწოდა. ამასთან,  მიაჩნია, რომ საავტომობილო წარმოება წარმოადგენს მძლავრ მამოძრავებელ ძალას ნებისმიერი ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებისთვის და ეჭვგაეშეა, რომ ეს სფერო, შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ერის  სამრეწველო ინდუსტრიის განვითარებაში.

 „გარდა ამისა, ელექტრომობილების წარმოების განვითარება, არის ის უალტერნატივო გზა, რომლისკენაც საბედნიეროდ მიისწრაფვის მომავალი თაობა და თანამედროვე სახელმწიფოები. თუკი გადავხედავთ უზარმაზარ ინვესტიციებს წამყვან ინდუსტრიებში მსოფლიოს მასშტაბით, გერმანიიდან ჩინეთამდე, ჩვენ ნამდვილად უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდ, მოხდება თანამედროვე  ტექნოლოგიის, მასთან დაკავშირებული სისტემების და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და განვითარება. საქართველოში შეიქმნება დასაქმების დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი შემოქმედებითი, ნიჭიერი ადამიანი – დიზაინერები და ინჟინრები – რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეიტანენ თავის წვლილს  სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში,“ – განმარტავს ჯან კარლო პერინი.

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანია Aigroup და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …