თამარ ჩაკვეტაძე: ქალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალური ეკონომიკის განვითარებაში

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ ქალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალური ეკონომიკის განვითარებაში.

“ქალთა გაძლიერება თითქმის ყველა ქვეყნის დღის წესრიგში დგას. ძლიერი ქალი ნიშნავს უფრო ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოს. მათ თავიანთი ხედვით და ინოვაციური იდეებით ნამდვილად შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალური ეკონომიკის განვითარებაში. ყოველდღე ქალის როლი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. აღნიშნული საკითხი მოიცავს წინააღმდეგობათა სპექტრს როგორც პირად და ინსტიტუციურ დონეზე, ასევე, თვითდამკვიდრების კუთხით, შესაბამისად, სახელმწიფო და არასამთავრობო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხს“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

თამარ ჩაკვეტაძემ ქუთაისში გამართული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმის ერთ-ერთი პანელის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება – შესაძლებლობები და გამოწვევები“ ფარგლებში ისაუბრა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა ქალი მეწარმეების წახალისებისა და მხარდაჭერის საჭიროებაზე.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა, მზადყოფნა გამოთქვა, კომპეტენციის შესაბამისად დაეხმაროს და საჭირო კონსულტაცია გაუწიოს გამოცდილ და პოტენციურ ქალ მეწარმეებს მათი ბიზნესის სწორად დაგეგმვასა და განვითარებაში, ასევე, უზრუნველყოს მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …