ზოიძე: თამბაქოზე თავის დანებების მედიკამენტები სოციალურად დაუცველთათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს

თბილისი (BPI) – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თამბაქოზე თავის დანებების მედიკამენტები სოციალურად დაუცველთათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელს, ჰოდიკ მიქაელს შეხვდა.

როგორც აღინიშნა, „ფაიზერის“ კომპანიას თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამა გააჩნია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება. ეს შეეხება თამბაქოსგან თავის დანებების მედიკამენტოზურ საშუალებებს და შესაბამის საკონსულტაციო მომსახურეობებს. ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სამომავლო ურთიერთობებისთვის კონკრეტული წინადადებები წარმოადგინა.

„მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდნენ ამ მავნე ჩვევისგან. საქართველოს მოსახლეობის 1/3 თამბაქოს მომხმარებელია, რაც თავის მხრივ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული – ეს არის ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებები, რომელიც 15 წლით ნაადრევ სიკვდილს იწვევს და თამბაქოს მოხმარება ასევე მნიშვნელოვნად აისახება მომხმარებელთა ფინანსურ ნაწილზე. ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების მედიკამენტები და შესაბამის პროგრამაში მონაწილეობა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …