ვხედავთ, რომ ბევრი რეფორმა საქართველოში იმედისმომცემია – განსაკუთრებით, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, ასევე, ისეთი სტრუქტურული საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა – ამის შესახებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკი პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური აღდგენის პროცესს.
„საქართველოში ბოლოს ზაფხულში ვიმყოფებოდი და მოხარული ვარ, რომ დღესაც მქონდა საშუალება მინისტრთან ერთად მიმოგვეხილა ჩვენი თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. ვაკვირდებით და დიდად ვაფასებთ 2021 წელს საქართველოში დაფიქსირებულ ძალიან ძლიერ ეკონომიკურ აღდგენას, რომელიც ნამდვილად რთულ 2020 წელს მოჰყვა. განვიხილეთ სამომავლო გამოწვევები, რომლებიც არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითა და ინფიცირების ახალი შემთხვევებით არის განპირობებული. ვისაუბრეთ მთავრობის რეაგირებაზე, ვაქცინაციის მაჩვენებლის მატებაზე, ასევე, მოსახლეობის დაცვის მიზნით ჩატარებული იმუნიზაციის სხვა მასტიმულირებელ ფაქტორებსა და მექანიზმებზე. შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკურ საკითხებზე. მთელი მსოფლიოს წინაშე დგას ის გამოწვევები, რაც მზარდ ინფლაციას და მისგან მომდინარე ეფექტს გულისხმობს ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. საუბარი შეეხო, ასევე, სამომავლო რეფორმების პროგრამას, რომლის მხარდაჭერასაც მოუთმენლად ელის მსოფლიო ბანკი“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ.
მან დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში.