ვისთან განიხილავს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას? – გენადი არველაძის განმარტება

საქართველოს მთავრობა ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მიზანშეწონილობის კვლევას ატარებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა, რომელიც ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიას “საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და კონკურენცია” დაესწრო.

გენადი არველაძის თქმით, სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის, თუმცა მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ორივე ქვეყანასთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართება.

“ამ კვლევებმა აჩვენა ის დადებითი მოლოდინები, რაც შეიძლება მოუტანოს როგორც ერთ, ისე – მეორე მხარეს. არასატარიფო თუ სატარიფო ბარიერების გარეშე ამ ბაზრებთან დამატებითი წვდომა მოგვცემს საშუალებას, რომ მსოფლიო მოსახლეობის 72%-თან წვდომა გვქონდეს. ეს გაუხსნის შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას, რომ დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში და გავხდეთ კონკურენტუნარიანები, რათა ამ ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით წვდომით უფრო მეტი პროდუქტის წარმოება და დივერსიფიცირება შევძლოთ.

ჩვენ, როგორც პატარა სამომხმარებლო ბაზარი, შეიძლება, არ ვიყოთ საინტერესო ინვესტორებისთვის, მაგრამ ამ შეთანხმებების გაფორმებით, ქვეყანა ხდება კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ამდენად, მაშინ, როცა დიდი ქვეყნების ეკონომიკები ვერ ვაჭრობენ ამ ბაზრებთან, ჩვენ შეიძლება გვქონდეს შესაძლებლობა, რომ აქ აწარმოონ პროდუქტი, გააკეთონ თავიანთი წარმოება და ინვესტიციების დივერსიფიცირება, რათა შემდეგ ამ ბაზრებზე გვქონდეს წვდომა”, განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა ისიც, რომ უკვე გაფორმდა მემორანდუმი და წლის პირველ ნახევარში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან გაიხსნება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
“ჩვენ მომდევნო წლებში გავაგრძელებთ როგორც საგარეო ვაჭრობის ბაზრების დივერსიფიცირებას, ასევე ახალ სავაჭრო შეთანხმებებზე მუშაობას. ამ კუთხით მიმდინარეობს სამუშაოები ინდოეთთან, რომელიც არის ერთ-ერთი დიდი სამომხმარებლო ბაზარი. დიდი იმედი გვაქვს, რომ პანდემიის გამო შეფერხებული პროცესი გაგრძელდება და მოლაპარაკების პირველი რაუნდი წელს გაიმართება”, – განაცხადა გენადი არველაძემ.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …